
კახა ძაგანია: ყოველგვარ კანონიერ, ეთიკურ, დიპლომატიურ ზღვარს სცდება, როდესაც საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოიხსენებენ - არ ვცნობ, ასეთ საერთაშორისო სტრუქტურებს
პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ევროსაბჭოს ლიდერების მცდელობას უსუსურს უწოდებს, რომ კონგრესის გამოყენებით საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს.
როგორც ბრიფინგზე კახა ძაგანიამ აღნიშნა, ევროსაბჭოს კონგრესის ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის ჟარგონით მოხსენიება კანონიერ, ეთიკურ და დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდება.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესის მიერ საქართველოს საკითხის განხილვა არ შეესაბამება მის ფუნქციებს და პროცესის არაობიექტურობაზე მიუთითებს.
„ყოველგვარ კანონიერ, ეთიკურ, დიპლომატიურ ზღვარს სცდება, როდესაც საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოიხსენებენ და ოფიციალურად წულუკიანის კომისიას ეძახიან. მე არ ვცნობ, ისეთ საერთაშორისო სტრუქტურებს, სადაც ჩემი ქვეყნის ინსტიტუციებს ჟარგონით მოიხსენიებენ. ახლაც ევროსაბჭოს კონგრესი 1 აპრილს საქართველოს შესახებ ვითომ, ობიექტურ ანგარიშს განიხილავს. საკითხს განსახილველად ევროსაბჭოს ისეთ ორგანოს აძლევენ, რომელსაც ამის განხილვა, ფაქტობრივად, არ ეხება“, - განაცხადა ძაგანიამ.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესის ფუნქციაა, წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ადევნოს თვალი და თვითმმართველობებს შორის პრობლემების შესახებ მინისტერიალს აცნობოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge