
ალუდა ღუდუშაური: როდესაც ქართველი ერი ერთიანია, ხარობენ მათი სულები, ვინც 35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ნათლად განსაზღვრა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი
არ შემიძლია მადლობით არ დავიწყო ჩემი გამოსვლა, რომელიც იმ კუთხისა და გვარის წარმომადგენელი ვარ, რომლისაც იყო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი - ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და მისი ამ ქვეყნიდან გასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი: ერის ერთობა, ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ქართველი ერის საკეთილდღეოდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანის, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პანაშვიდებზე მრავალსაათიან რიგში იდგა და აღნიშნა, რომ მძიმე წუთებში ეს ერთიანობა სიამაყის განცდას იწვევდა.
ღუდუშაურის თქმით, ქართულ გენს ვერასოდეს ვერაფერი მოერევა და ხალხის ერთიანობით ხარობენ ის ადამიანები, ვინც 35 წლის წინ მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი.
"მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, იმ ბავშვებს, ხანდაზმულებს, რომლებიც ჯიუტად იდგნენ მრავალსაათიან რიგში, რომ პატივი მიეგოთ მათი სულიერი მამისთვის - ეს იყო ერთიანობის ზეიმი და როდესაც ქართველი ერი არის ერთიანი, ხარობენ მათი სულები, ვინც 35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ნათლად განსაზღვრა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი. ამაყები ვართ ჩვენ, როდესაც ვხედავთ ერთიან, ძლიერ ქართველ ერს და ბუნებრივია, იმედით აღავსებს ჩვენს მომავალ თაობას. როდესაც საქართველო და ქართველი ერი არის ერთიანი, ვერასოდეს ვერავინ, ვერც სუვერენიტეტს, ვერც ქართულ ინტერესს ვერ დაჩრდილავს. მინდა, იმ ვაჟკაც და ღირსეულ ადამიანებს, განსაკუთრებით მცირეწლოვნებს, რომლებსაც ვუყურებდი, როგორი ცრემლნარევი თვალებით იდგნენ მრავალსაათიან რიგში - ვუთხრა ერთი რამ: თქვენ ხართ ვაჟკაცები, ქართული გენით აღვსილი ხალხი. ამ ქართულ გენს და ქართულ სულს, ვერასოდეს ვერანაირი ძალა ვერ ჩაკლავს. ასევე, მინდა ვუთხრა ქართველ, დიად ერს, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ისტორია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა დიდია ერთიანობა და ერთიანობის მიზანი ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, მაგრამ, შეგნებულად არ ვიტყვი იმ თითო-ოროლა არარაობაზე, ვისაც არც ქართული გენი, როგორც ჩანს, არც ქართული ჯიში და არც ქართული ჯიგარი არ აქვს - ეს სიტყვა, არც ერთ ენაზე სხვანაირად პირდაპირ არ ითარგმნება და სწორედაც ამიტომ მინდა ვუთხრა ამ ქართველებს, რომ თქვენ გენაცვალეთ მაგ გულში.
მაცხოვარი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" - ქართული გენიც სწორედ ასეთ ფუნდამეტზე დგას, რომელსაც ვერაფერი ვერასოდეს მოერევა. მინდა კარგად დავფიქრდეთ, თუ რაოდენ დიდია და საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ და დავინახოთ ქართველი ერის ის მრავალმილიონიანი ერთობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მძიმე წუთებში, სიამაყით აღგვავსებდა. და ბოლოს, მინდა ჩვენი უწმინდესის სიტყვებით დავასრულო: "სადაც არის გული შენი, იქ იქნება საუნჯე შენიო". მე მჯერა და მწამს, რომ ჩვენი, ქართველების გულები არის საქართველოში და არსად სხვაგან და იქნება აქ. ის დანარჩენი, თითო-ოროლა ადამიანი, იპოვის საკუთარ თავში ძალას, რომ საქართველოს ერთობა, სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ერთიანობა, იმ მზიანი ღამის გაგრძელება, ყველაზე დიდი რამ არის. მე ვარ ამაყი, რომ ვუყურებდი ამ ერთიან საქართველოს და ვარ ამაყი, რომ ქართველები ყოველთვის ვპოულობდით და ვიპოვით ძალას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ვიყოთ ძლიერები და მტკიცენი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge