
ლევან მახაშვილი: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე
რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, კარგად ჩანს ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები.
„მე არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება. ძალიან საინტერესოა ისევ ისეთ ღონისძიებებზე დამთხვევა, მათი ე.წ. ფინალური აქტების, რომელიც წინასწარ იკითხება, რომ მოიცავს საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხებს. კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, აგერ, ვინ არიან მთავარი ავტორები პოლარიზაციის, ამითაც კარგად ჩანს. რაც შეეხება ამ ალიანსს, რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რომ „აღვსდექით და ერთად ვართ“, მერე უკვე ისევ რაღაც ახალ-ახალი სახელები, ახალ-ახალი სხვადასხვა ფერის და ისევ სახელებით დაყოფა. ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველდღე, ყოველ წამს სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე. არ აინტერესებს ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები, ისეთი კრეატიული თემები და ცისარტყელას ფერები. თუ რამე აინტერესებს მოსახლეობას, არის კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება. ამის ნაცვლად, ისევ რაღაც ახალი სახელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას“, - აღნიშნა მახაშვილმა.
დეპუტატის თქმით, სად და როგორ გადანაწილდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.
„მრავალფეროვნება კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ ერთსა და იმავე წრეზე ერთისა და იმავე პრობლემის გარშემო ტრიალებენ. საზოგადოებას სახელები, გვარები და ფერები კი არ აინტერესებს, საზოგადოებას კონკრეტულ პრობლემებზე გამოსავალი აინტერესებს. გამოსავლის ნაცვლად, ისინი საზოგადოებას ზემოდან პრობლემებს უმატებენ. ეს არის პრობლემა, თორემ რა სახელიც უნდათ, დაირქვან და იტრიალონ ერთსა და იმავე წრეზე. ეს ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მისაღები და, პირიქით, კარგია. იმიტომ, რომ საზოგადოება ხედავს, რა არასერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე“, განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ ერთი და იგივე სახეები.
„ერთი და იგივე სახელები, სხვადასხვა ფერით და სხვადასხვა პოლიტიკური სახელით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პირდაპირ ცდილობენ. თითქოს რაღაც ახალი მოხდა და თითქოს რაღაც ახალს აკეთებენ. ახლა ახალი მანტრა მოიგონეს, რომ თურმე რეგიონებში უნდა გავიდნენ. ახლა გაახსენდათ, რომ რეგიონებში უნდა გავიდნენ? უცხო დედაქალაქებში სირბილის ნაცვლად, რეგიონებში აქამდე უნდა გასულიყვნენ, როდესაც არჩევნები იყო და საინტერესო იყო მოსახლეობის და არა უცხოელების პოზიცია. თუმცა ეს ყველაფერიც მოჩვენებითი და ყალბია. შესაბამის პასუხსაც საზოგადოებისგან მიიღებენ. დღეს ეს შეიქმნა, ხვალ კიდევ რაღაც ახალ ალიანსს დააანონსებენ. ერთი თვის თავზე კიდევ რაღაც ახალს დააანონსებენ და ასე ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებენ. მერე არჩევნები მოვა, იქაც კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და ისევ ხელისუფლებას ან ხალხს დააბრალებენ. საკუთარ გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში ეძიონ ის მარცხი, რაც აქამდე არაერთხელ იწვნიეს და არაერთხელ იწვნევენ მომავალშიც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge