ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში

ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში

იმედი|imedinews.ge

ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

მისი თქმით, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთადერთი სწორი გზა ნეიტრალიტეტია.

„რუბიოს ზარსაც რომ შევეხოთ - მისასალმებელია და ერთი შეხედვით ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავთ ამ კომუნიკაციაში, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს მხრიდან არ მომხდარა [ურთიერთობების დაზიანება] მათი [აშშ-ის წინა ადმინისტრაციის] ინიციატივით შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა. თვითონ ეს პარტნიორობაც რამდენი წელი მოქმედებდა, მაგრამ არანაირი ხელშესახები შედეგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუტანა. ყველა დიდი ოპტიმიზმით ვუყურებდით ტრამპის პრეზიდენტობის ხანას, რადგან ის მოვიდა დაპირებით, რომ დაასრულებდა ომებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ომი კიდევ მიმდინარეობს და დაიწყო ახალი ომი ჩვენგან ძალიან ახლოს, ირანში. ის სტრატეგია, რაც არსებობდა წლების განმავლობაში, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებულიყო სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჯერ ვერ ვამჩნევთ, რომ შეიცვალა. ამიტომ, არ შეიძლება მოვდუნდეთ და გარკვეული იმედები დავამყაროთ ამ ერთ ზარზე.

საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს ისეთი დიდი ძვრები, რასაც დღევანდელ მსოფლიოში თვალს ვადევნებთ. ვხედავთ, რომ იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს მომენტია დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და გეოგრაფიის გათვალისწინებითაც, ერთადერთი სწორი გზა ნეიტრალიტეტია. ვხედავთ რა ხდება ისეთ მდიდარ ქვეყნებში, როგორიცაა კატარი, გაერთიანებული საამიროები - ადრე შეიძლება იყო მიდგომა, რომ უცხო ქვეყნის ჯარის საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას, თუ ეკონომიკურ განვითარებას, დღეს ეს ყველაფერი შემოტრიალდა. ეს კარგი მაგალითია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის. იმასაც თუ დავაკვირდებით, რომ საქართველოს არც არასდროს ეპატიჟებოდნენ არც ნატოში და რაც ევროკავშირში, ეს იყო მხოლოდ სიტყვები და თეზისები, დღეს მხოლოდ ეს არის სწორი გზა და მნიშვნელოვანია ის, რომ ამას საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. ნეიტრალიტეტი და სამხედრო მიუმხრობლობა განაპირობებს იმას, რომ მსგავსი ტიპის კატაკლიზმებს ქვეყანამ შეიძლება თავი აარიდოს“, - განაცხადა ქიზიყურაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია