
წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მიერ უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით.
წულუკიანის თქმით, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ასიამოვნებენ ერთმანეთს და ამით დამთავრდება ალბათ ეს ვიზიტი.
„მთავარი ის არის, რომ ადრეც ასე იყო, სააკაშვილის დროსაც ასე იყო, მანამდეც ასე იყო და ახლა მითუმეტეს ასეა, რომ აქ, ჩვენს ტერიტორიაზე ქვეყნის შიგნით წყდება ბედი იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში.
„ქართული ოცნება“ არავის მოუყვანია გარედან ხელისუფლებაში. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ასე. მაშინ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში მიუხედავად იმისა, რომ მას გარედან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ქართველმა ხალხმა აჯობა ურნასთან იმ გარე ძალებს, რაც არ უნდა ძლიერები ყოფილიყვნენ ისინი მაშინ, საქართველოს შიგნით და რა გავლენებიც არ უნდა ჰქონოდათ.
ამიტომ, ეს ვიზიტი სავარაუდოდ, კიდევ ერთ წარუმატებელ ვიზიტად დარჩება იმ გაგებით, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ რა თქმა უნდა, თითოეულ პატარა რეპლიკას იმ უცხოელისა, ვისაც შეხვდებიან, გააპიარებენ როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე და სათავისოდ შემოგვასაღებენ, რომ აი, ვიღაცამ ისინი რომელიღაც უცხოურ ქვეყანაში აღიარა საქართველოს ხელისუფლად, მაგრამ რეალობა მაინც მწარეა და ხელისუფლების ვინაობის საკითხი გადაწყდება მხოლოდ და მხოლოდ 2028 წელს საარჩევნო უბანზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge