
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.
მან იმ თემებზეც ისაუბრა, რომლებზეც დღეს დაგეგმილ შეხვედრებზე შეეხება მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს. თუმცა, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც როგორც სლოვაკეთს, ასევე საქართველოს აქვს როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე. ამიტომ ველოდებით საინტერესო და ნაყოფიერ დისკუსიას და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge