
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი - სამართლიანი მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა
ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ - ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან ევროკავშირთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ჰქონდათ ამ საკითხზეც. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა საერთო ღირებულებებს დიდ პატივს სცემს.
„საერთოდ, ევროკავშირი რომ შეიქმნა ეს იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში - საქართველო ერთგულია ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა, სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგანაც კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ - ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია - სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და საქართველოს მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge