
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება
ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში შეხვედრებზე განხილულ თემებზე ისაუბრა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დელეგაციამ ბრატისლავაში სლოვაკეთის მიერ ევროკავშირში საქართველოს ინტერესების დაცვის პირობა მიიღო.
„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევაში. ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან.
ასევე, გვქონდა საუბარი იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ახდენენ ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე და მათ შორის კონკრეტულად საქართველოზე.
ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. ცოტა ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
იმედი
წყარო: imedinews.ge