
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან
მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო, არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მოლდოვის მეგობრობის ჯგუფს ბოლო წუთს მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წევრები გამოეთიშნენ.
„იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვყავდა ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ. სხვათა შორის ამ ჯგუფის შემადგენლობაში ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ. ამ პირებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც, ამ მიმართულებით საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში, მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. იყო მცდელობა ამ დელეგაციის ბლოკირების, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერაა შექმნილი. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge