მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.

„დავიწყებ მადლობთ სლოვაკეთის და სლოვაკეთის ხელისუფლების მიმართ, კერძოდ, ჩემი კოლეგის, პეტერ პელეგრინის მიმართ, რომელმაც მომიწვია და ასეთი შინაარსიანი, გულთბილი შეხვედრა მომიწყო. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს. ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ და გვჭირდება მსგავსი ქვეყნები, რომლებიც წევრები არიან ევროკავშირის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იგი იმ თემებსაც შეეხო, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს.

„გუშინ გვქონდა ასევე საქმიანი შეხვედრები. შევხვდით პარლამენტის სპიკერს მის დელეგაციასთან ერთად. განვიხილეთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები, რომლებიც უფრო ინტენსიური გახდება - შემდეგ თვეს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება სტუმარი სლოვაკეთში. ჩვენი ურთიერთობების უფრო გახშირება უმაღლეს დონეზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან.

ასევე გვქონდა შეხვედრა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ვიცე პრემიერთან. ამ შეხვედრაზეც განვიხილეთ, ის საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ასევე საუბარი გვქონდა განათლების მიმართულებით, ახალგაზრდობის და კულტურის თემებზე. ეს ის საკითხებია, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები უფრო ხშირი გახდება.

მზაობა არის, გარდა პოლიტიკური თანხვედრისა და საერთო ღირებულებებისა, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან პრაგმატულად და სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი რეგიონი ამ ეტაპისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული სამშვიდობო პოლიტიკით. ჩვენს გარშემო გამოწვევების და საომარი ვითარებების ფონზე შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ყველასთვის. სწორედ გუშინ აღინიშნა და თავად სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ბატონმა პელეგრინიმაც აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე შუა დერეფნის განვითარება აზია-ევროპასთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ცივილიზაციური დიალოგი. ჩვენ ძალიან თანმიმდევრული, გონიერი, პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს და ეს ძალიან კარგად ესმით რიგ ქვეყნებს - სლოვაკეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა, პატარა ქვეყანა, რომელიც მუდმივად იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის. ამაშია ჩვენი თანხვედრა. საუბარი იყო ასევე, რომ უფრო მეტი გავხდებით ასეთი ქვეყნები - არის უნგრეთი, შეიძლება ჩეხეთი, ასევე ნახეთ ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ვისაც კი ჯანსაღი მიმართულება აქვს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს დარწმუნებული ვარ, ყველა გავერთიანდებით ამ მოტივით, რომ პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლების, ეროვნული ინტერესების დაცვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია