
ნიკოლეიშვილი: უნგრეთში ოპოზიციის პროგრამა დაფუძნებული იყო სერიოზულ განხილვებზე. საქართველოში ოპოზიციას ასეთი პროგრამა არ გააჩნია - ნახონ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ მათ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიასა და ქართულ ოპოზიციას შორის სხვაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნგრეთში ამომრჩეველმა არჩევანი ოპოზიციის პროგრამაზე გააკეთა, საქართველოში კი ოპოზიციას და რადიკალურ ჯგუფებს პროგრამა არ გააჩნიათ.
„უნგრეთში ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა შეძლეს იმ პროგრამის წარმოდგენა, რომელიც ამომრჩეველმა დაინახა, რომ გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ორბანის პარტიის პროგრამა და შესაბამისად, მათ ამის გამო გააკეთეს არჩევანი. მაგრამ ეს პროგრამა დაფუძნებული იყო სერიოზულ განხილვებზე. საქართველოში ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ჯგუფებს ასეთი პროგრამა არ გააჩნიათ. მათ არაფერი იციან უსაფრთხოებასთან ან ეკონომიკასთან დაკავშირებით. მათგან ერთი რამ არ მომისმენია, რომ როცა რაღაცას იწუნებენ, არ არის უკეთესი გზა. ეს აგენტურა თავიდან ბოლომდე თავიანთ პატრონებზე, უცხოურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. კარგად ნახონ მათ, გადაახვიონ კადრები, რა ხდებოდა უნგრეთში, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ მათ.
ალბათ, 50 კაცის იმედზე არიან, რომლებიც რუსთაველზე დადიან დროშების ფრიალით და საინტერესოა, რომ სხვა ქვეყნის დროშების ფრიალით, რასაც უნგრეთში ოპოზიციაში ვერ ნახავდით - ორივე მხარე მათი ქვეყნის დროშას აფრიალებდა. ისინი არ დადიოდნენ არც ამერიკის და არც უკრაინის დროშებით და არც ევროკავშირის დროშების ფრიალით“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რადიკალური ჯგუფები დადიან სხვა ქვეყნის დროშებით, ეტრფიან სხვა ქვეყანას, საქართველო არაფრად მიაჩნიათ, პატივს არ სცემენ ქვეყნის ისტორიას, რელიგიას, მართლმადიდებლობას.
„მათ საერთოდ არ აქვთ გააზრებული, რა არის საქართველოსთვის კარგი. ქვეყანას უბიძგებდნენ ომისაკენ. ამას დღესაც არ უარყოფენ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ომში თავიანთი შვილების გაგზავნა არ უნდოდათ, ამ ომში რაღაცების გაკეთება სხვისი შვილების ხარჯზე უნდოდათ.
ამ რადიკალურ ჯგუფებს არც ლიდერი ჰყავთ, არც ავტორიტეტი, საერთოდ არ ჰყავთ ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც, დაჯდება, დაფიქრდება და გააანალიზებს, რა შეცდომებს უშვებენ ისინი. ამას ვერ აკეთებენ იმ მიზეზით, რომ ისინი არ არიან თავიანთი თავის პატრონები. ეს ჯგუფები დამოკიდებული არიან სხვაზე - სხვის ნებაზე, სხვის ფულზე და მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან, ეროვნულ ინტერესებთან და საზოგადოების აზრთან“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge