
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, კანდიდატები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით, საქართველოს მთავრობის მიერ შეირჩა.
კანდიდატებმა საკუთარი ხედვა და მოსაზრებები წარადგინეს და კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს. კანდიდატების მოსმენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე რეკომენდაცია ანი ვაზაგაშვილს გაუწიეს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა მეორე მოსმენით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით დიფერენცირებული მიდგომები შემოდის. ამასთანავე, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალს, ვადას და მის კრიტერიუმებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს.
კომიტეტის წევრებმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge