
ქადაგიშვილი: პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა, გადაივლის და დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას
პოლიტიკა და პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა, გადაივლის და საბოლოო ჯამში დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
დეპუტატი დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრმა თანმიმდევრულად, ფაქტებსა და ოფიციალურ დოკუმენტაციებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა საქართველოს პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით.
„მინისტრმა არა მარტო აჩვენა, თუ როდის და ვინ განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ მოლაპარაკების დაწყება, არამედ ნათლად წარმოაჩინა ისიც, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ეკუთვნის საქართველოს, ეფექტურად სრულდება და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ევროკავშირს და ევროკომისიას შესაბამისი ინფორმაცია გააჩნია", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობების პერსპექტივაზეც.
„ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაპირობა ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. ამ კუთხითაც, საქართველო არის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო, არა მარტო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, არამედ სხვა ნებისმიერ კანდიდატ სახელმწიფოებთან მიმართებით. რაც ასახულია ევროკომისიის დასკვნებში და ყველა კომპეტენტურ კვლევაში, რომლითაც ხელმძღვანელობს და უკვეთს თვითონ ევროკომისია. ამიტომ, პერსპექტივაში, მინისტრის მხრიდანაც გაჟღერდა, რომ პოლიტიკა და პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ეს ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა, გადაივლის და საბოლოო ჯამში დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას",- განაცხადა ქადაგიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge