
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭება უკვე ნიშნავს იმას, რომ შერბილებულია მისი ტონი.
„როგორც აღვნიშნეთ ზუსტად ჩვენი ჩართვის დროს, ევროკავშირმა, შარშან იყო თუ არ ვცდები კონფერენცია, როდესაც საქართველო არ დაპატიჟა, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა ამ რვა ქვეყნისთვის, რომ გასასვლელი ჰქონდეთ შავ ზღვაზე, არ დაპატიჟეს ამ დაკავშირებადობის განხილვისას და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ასეთ პროექტს მიანიჭეს განსაკუთრებული სტატუსი. ასე, რომ ტონი უკვე შერბილებულია და ეს ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში კიდევ იჩენს თავს. ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს ძალიან იოლად და ძალიან მალე მოხდება, ვინაიდან ჯერჯერობით რასაც ვხედავთ პოლიტიკური იმპერატივი უფრო წინ არის წამოწეული და პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოქმედებს ევროპა დღესდღეობით. სხვათა შორის, მისი ეს პოლიტიკური დღის წესრიგი ზოგადად, მთელი ევროკავშირის ეკონომიკასაც აზიანებს. ანუ, მთლიანად მათი ეკონომიკა განიცდის საკმაოდ მძიმე ვითარებას, იგივე ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო, იგივე ბლოკადებისა და სანქციების გამო. ისინი იძულებულები იქნებიან გარკვეულწილად შეარბილონ სანქციები.
ჩვენ უკვე ვიხილეთ მსგავსი სანქციების შერბილება, როდესაც სპარსეთის ყურეში განვითარდა სამხედრო მოქმედებები, როდესაც შეაჩერეს რუსეთის სანქციების მეოცე პაკეტის ამოქმედება. ასევე, გარკვეულად მიიღეს შემსუბუქება რუსეთის ნავთობის შესყიდვისას და ა.შ. ანუ, ისინი დღევანდელი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკით, საკუთარ თავსაც აზიანებენ. აქ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მიმართ მაინცდამაინც ლოიალური დამოკიდებულება ვერ ექნებათ. თუმცა, თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ მოსახლეობაში სულ უფრო და უფრო მატულობს უკმაყოფილება, რაც სწორედ გამოწვეულია ასეთი არაპრაგმატული პოლიტიკის გატარების გამო. ასე, რომ ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge