
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პენიტენციურ სისტემას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ ინსტიტუციას ადამიანის უფლებების მაღალ დონეზე დაცვის მიმართულებით. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არის წამებისგან თავისუფალი გარემო, სადაც პატიმრებზე ზრუნვა და მათი პირობების მუდმივი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება გარანტირებულია საჯარო სერვისების მიწოდების პროცესშიც. დიგიტალიზაციისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვით, სახელმწიფო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც 2025 წელს გაფორმებული 5-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და ინტენსიური გახდა.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ესწრებოდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge