
The Times: ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ბრიტანეთში, შესაძლოა, სურსათის დეფიციტი შეიქმნას
დიდი ბრიტანეთი ირანთან ომის მოსალოდნელი შედეგების ფონზე სურსათის დეფიციტისთვის ემზადება. სტატიას ამ შინაარსით The Times-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ ვითარების საიდუმლო ანალიზი ჩაატარა და „უარესი სცენარი“ დაგეგმა, რომლის თანახმადაც, თუ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება, ქვეყანა, შესაძლოა, ნახშირორჟანგის გარეშე დარჩეს.
The Times-ი აღნიშნავს, რომ ნახშირორჟანგი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობისთვის.
თუ ირანთან ომი გაგრძელდება, ზაფხულში დიდ ბრიტანეთში ქათმისა და ღორის ხორცის და სხვა პროდუქტის დეფიციტი შეიქმნება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა „უარესი სცენარის“ გათვალისწინებით სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავეს. გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის კანცელარია, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროები იღებდნენ.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება შეეცდება განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის სფეროს მიაქციოს, რადგან ნახშირორჟანგის დეფიციტის გამო, შესაძლოა, მშრალი ყინულის მარაგის პრობლემა შეიქმნას. მედიცინაში კი მშრალი ყინული სისხლის, ორგანოებისა და ვაქცინების შესანახად არის საჭირო.
იმედი
წყარო: imedinews.ge