განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება

განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.

მომხსენებლის თქმით, ცვლილებები ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება. კერძოდ, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია. ის სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციად.

მომხსენებლის თქმით, სასკოლო პერიოდში გავლილი საგნების აღიარების პროცესი ევროპის ქვეყნებში მთლიანად სკოლებზეა დელეგირებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება სრულ შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასთან.

ცვლილებების თანახმად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.

ზვიად გაბისონიას თქმით, ცვლილება არ შეეხება ატესტატების აღიარებას. როგორც მან აღნიშნა, ატესტატის აღიარება კვლავ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია იქნება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია