
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შავიზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა — რეალობა და პერსპექტივები“. ღონისძიების გახსნაზე, სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მიქელაძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობას, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან კომპონენტს. ასევე ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში არსებული გამოწვევების გააზრებისა და შესაბამისი სტრატეგიული მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე. ღონისძიების ფარგლებში, ლაზური ნავის — „ფელუკას“ ერთადერთ ოსტატს და „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მატარებელს მირიან ნუმანიშვილს ,,ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური სიგელი და ჯილდო გადაეცა. გაიმართა ტრადიციული ნავთმშენებლობის შესახებ ვიდეორგოლისა და მონოგრაფიის „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია. მოეწყო მარინისტული თემატიკის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თათია გორგილაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გიორგი ძაძამია, ქალაქ ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ივანე მაისურაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, და სხვა მოწვეული სტუმრები.
იმედი
წყარო: imedinews.ge