შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპულოსს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომის მასპინძლობა.

შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისთვის.

მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა, რომ 18 წლის წინ ჰქონდა ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მის, როგორც ქართველი ხალხის გამაერთიანებლის, როლს. მან განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, რასაც ისტორიული ფაქტები ადასტურებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც მართლმადიდებლობის ძლიერი ტრადიციების მქონე ქვეყნის, ევროკავშირში ინტეგრაცია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღესდღეობით ხშირად არის საუბარი ევროპულ ღირებულებებზე და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ნამდვილი ევროპული ღირებულებების ქრისტიანული ფესვების ხაზგასმა.

ასევე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო საქმიანობაში ქრისტიანული ღირებულებების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს. შალვა პაპუაშვილმა დელეგაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ერთგული წევრია და მზად არის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დელეგაციის წევრმა ზაზა ლომინაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია