
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა
ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ბოლნისისწყლის დონის მატება გამოიწვია, რის გამოც აღნიშნულ მდინარეზე არსებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდა. სოფელ ვანათში დროებითი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ადიდებულმა მდინარემ რამდენჯერმე დააზიანა აღნიშნული გადასასვლელი. რაც შეეხება სოფელ ვანათის ხიდს, უკვე დასრულდა რკინაბეტონის სარეგულაციო კედლის მშენებლობა, მიმდინარეობს ხიდზე სავალი ფილის მოწყობის სამუშაოები.
მერმა, ასევე, დაათვალიერა სოფელ სამწევრისის ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა. დარჩენილია ასფალტბეტონის საფარისა და მოაჯირის მოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge