ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო კონკურსი გამოაცხადა.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია კომპლექსის ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვა, დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

„დროის განმავლობაში დაგროვილი დაზიანებებისა და წარსულში ჩატარებული არასათანადო სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაციას საჭიროებს ახალციხის ციხის კომპლექსში გაერთიანებული ციტადელი, კოშკები, მუზეუმი, ეკლესია და საზოგადოებრივი სივრცეები.

დაგეგმილი პროექტი განსაზღვრავს აუცილებელი ჩარევების ეტაპობრივად განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე ბიუჯეტის ეფექტიან გამოყენებას.

კონკურსის პირობების თანახმად, პროექტი უნდა შესრულდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით და ნებისმიერი ჩარევა უნდა დაეფუძნოს სამეცნიერო დასკვნებს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს სივრცის ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია კიდევ უფრო განავითარებს ახალციხის კულტურულ, ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია