
რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდა ფალიაშვილის სახელობის ქუჩაზე და პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
„რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. ჩვენმა გუნდმა კლდიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. გზის ეს მონაკვეთი, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც მთლიანობაში ოთხი ქუჩის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები აგვისტოში დასრულდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კლდიაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე შეიცვლება.
„კლდიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების გარდა, მოეწყობა მწვანე სივრცეები და განსაკუთრებული საჭიროების პირებზე ადაპტირდება გარემო. ეს პროექტი ოთხი ქუჩის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს და ჩვენი გუნდის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ქალაქში გადაადგილება და ასევე ურბანული გარემო“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის და სანაპიროს ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ოთხივე ქუჩაზე, გზის სამფენიანი საფარი, საერთო ჯამში, 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. ოთხივე ქუჩაზე დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, საგზაო ნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.
5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge