ComCom-მა ზუგდიდში ახალი ტრენინგ-მოდულები „AI წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ დაიწყო

ComCom-მა ზუგდიდში ახალი ტრენინგ-მოდულები „AI წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ დაიწყო

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ ზუგდიდში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ტრენინგ-მოდული გახსნა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

შეხვედრის თემას „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც, განხილული იყო სასარგებლო AI პლატფორმები, მათი პრაქტიკაში გამოყენების წესები, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. შეხვედრაში მონაწილეობას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლებლის, საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემიის“ და კოლეჯი „ეგრისის“ პედაგოგები იღებდნენ.

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ორი ახალი მოდული - „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით ოზურგეთსა და ზუგდიდში უკვე 6 ტრენინგი ჩატარდა და 137 მონაწილე გადამზადდა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,რომელიც ასევე ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ტრენინგებს მოიცავს, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს 5 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 12,000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი პროგრამა უკვე 6 მუნიციპალიტეტში განხორციელდა, ამჟამად კი, მარტვილში მიმდინარეობს. ჯამურად,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5000-მდე პირია გადამზადებული.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ კომუნიკაციების კომისია ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, 2022 წლიდან, ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლებას, ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობას და ციფრულ ეკონომიკაში მათი ჩართულობის გაძლიერებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია