
ზუგდიდში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
ზუგდიდში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. დადიანების სასახლის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და მხარდამჭერებს საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები გააცნეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ნეიტრალიტეტია საქართველოსთვის ის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანას ტერიტორიული გამთლიანება, გრძელვადიანი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანოს.
„გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა დასახული - განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ჩვენს ქვეყანას 2 პირობის დაკმაყოფილება სჭირდება - ეს არის ჩვენი საგარეო პრიორიტეტების ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნება და შიდა აგენტურის პოლიტიკიდან გაყვანა. ჩვენი პარტია საზოგადოებას სთავაზობს თვისობრივად ახალ გზას, ახალ ხედვას და ეს არის ნეიტრალიტეტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მიზნებთან დაგვაახლოოს და რომელიც ყველაზე შესაბამისია იმ ახალ მსოფლიო რეალობასთან, რაც ჩვენს თვალწინ შეიქმნა, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
პარტიის რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა კი განაცხადა, რომ პარტიას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სტრუქტურული გაძლიერება სჭირდება.
„ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის და, შესაბამისად, პარტიას აუცილებლად ესაჭიროება სტრუქტურული გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ დავიწყეთ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნა. შერჩეული გვყავს ჩვენი პარტიის იდეების არა მარტო მხარდამჭერები, არამედ საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლები, თავიანთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად, რომლებმაც ოფისის გახსნამდე დაიწყეს მუშაობა ნეიტრალიტეტის იდეის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე და დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ ოფისი აქტიურად დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge