
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მსჯელობა შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესრულების დინამიკა და სამომავლო გეგმებიც შეაჯამეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაცია მნიშვნელოვანია ყველა პროექტის დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აჭარაში არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და გეგმავს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო კავშირების, საგანმანათლებლო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.
სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge