
ახალმა ზელანდიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს
ახალი ზელანდიის პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტის დეტალები, რომელიც 16 წლამდე ბავშვებისთვის ზოგიერთი სოციალური ქსელის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა კრისტოფერ ლაქსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ბავშვებზე ზრუნვას ემყარება.
„დღეს ჩვენი მთავრობა იღებს ზომებს, რათა 16 წლამდე ასაკის ბავშვები სოციალური ქსელებიდან გამოიყვანოს. მინდა თავიდანვე მკაფიოდ ვთქვა, თუ რა დგას ამ გადაწყვეტილების საფუძველში. საქმე ტექნოლოგიებს არ ეხება. სინამდვილეში საქმე ჩვენს შვილებს ეხება“, - განაცხადა მან.
კანონპროექტის თანახმად, პლატფორმებზე არასრულწლოვნების არდაშვების პასუხისმგებლობა თვითონ კომპანიებს ეკისრებათ. განათლების მინისტრმა ერიკა სტენფორდმა განმარტა, რომ ასაკის გადასამოწმებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ანგარიშის მონაცემები, სახის ამოცნობის ტექნოლოგიები, ციფრული პირადობის მოწმობები და ოფიციალური დოკუმენტები. ამასთან, ხელისუფლება არ გეგმავს VPN-ის აკრძალვას, ხოლო ბავშვების, მათი მშობლებისა თუ მეურვეებისთვის სასჯელები გათვალისწინებული არ არის.
შეზღუდვების გავრცელება იგეგმება „მაღალი რისკის“ პლატფორმებზე, მათ შორის TikTok-ზე, Snapchat-ზე, YouTube-ზე, X-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე. აკრძალვა არ ვრცელდება მესენჯერებზე WhatsApp და Discord, ონლაინ თამაშებზე, ასევე სამუშაო და სასწავლო AI-სერვისებზე, როგორებიცაა ChatGPT და Gemini.
კანონპროექტი პლატფორმებს დაავალდებულებს, რეგულარულად შეაფასონ ბავშვებისთვის არსებული რისკები და წარადგინონ ანგარიშები მათი შემცირების ზომების შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ მავნე კონტენტს (მათ შორის კიბერბულინგს, შევიწროებასა და დიფფეიკებს), არამედ სერვისების მოწყობასაც - რეკომენდაციების ალგორითმებს, უსასრულო ლენტებს, შეტყობინებებსა და რეკლამას.
ზედამხედველობას განახორციელებს ონლაინ უსაფრთხოების ახალი რეგულატორი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. მას შეეძლება ასაკის დადგენის სისტემების შემოწმება და აუდიტი, ასევე ზომების გამოყენება გეობლოკირებასა და სისხლის სამართლებრივ სანქციებამდე.
კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილი იყო ავსტრალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლამდე ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება მსოფლიოში პირველმა აკრძალა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას გეგმავენ ვიეტნამში, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში.
იმედი
წყარო: imedinews.ge