
ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, მოქალაქემ ქვით დაზიანება მიაყენა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.
„აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებული იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით - ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
