
AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს
აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 9 000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის, მათ შორის მესამე ავიამზიდს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალ სამხედრო ხომალდებზე 7 000-ზე მეტი მეზღვაური და 2 000 საზღვაო ქვეითია.
ამერიკის სამხედრო კონტინგენტი იმ ფონზე ძლიერდება, როდესაც ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განახლება შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს, - იუწყება სააგენტო.
აშშ-ის პრეზიდენტი თავდაპირველად ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა, თუმცა ახლა არ გამორიცხავს კონფლიქტის გამწვავებას აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ტრამპის განცხადება Fly Dubai-ს თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, შესაძლოა ირანს კავშირი ჰქონდეს მეორე პილოტთან, რომელმაც ოთხშაბათს კაპიტანი დაჭრა და ისრაელის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. მისივე თქმით, თუ ირანთან კავშირი დადასტურდება, აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს.
როგორც Associated Press-ი წერს, ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებიან ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ის დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც ახლახან განლაგდა რეგიონში კრეისერ USS Chosin-თან ერთად.
რეგიონისკენ მიემართება ასევე USS Makin Island-ის ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი, რომელშიც შედის ამფიბიური სადესანტო ხომალდები USS John P. Murtha და USS Anchorage.
ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის ახლო აღმოსავლეთში ერთდროულად სამი ამერიკული ავიამზიდი იქნება.
ახლო აღმოსავლეთში უკვე განლაგებული სამხედროების გათვალისწინებით, რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების რაოდენობა 20 000-ზე მეტ მეზღვაურსა და საზღვაო ქვეითს, ასევე ასობით სამხედრო თვითმფრინავს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge