
არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე: იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება. ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერზე და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე
იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას.
როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერზე და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე.
„ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერზე და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე და თან მით უმეტეს ქართულ საზოგადოებას, რომ ეუბნებიან, რომ ჩვენ უკეთ ვიცით რა ხდება თქვენს ქვეყანაში და უფრო მეტიც, უკეთ ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს მომავალიო მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებს ერთადერთი წყარო და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში ქართველი ხალხია. ასეთი რეზოლუციები უფრო აკნინებს ნდობას ევროპული ინსტიტუციების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით, რაც ჯო უილსონის რეზოლუციაშია ასახული, შეუძლებელია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ ევრობიუროკრატები იმ ფურცლის ფასიც არ აქვს, რომელზეც წერენ.
„მათი მიზანი ერთია, რომ „ნიუსი“ შეიქმნას „ნაცმოძრაობის“ მართულ ტელევიზიებში, შემდეგ აჰყვეს ამას „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები. სალაპარაკო ხომ უნდა ჰქონდეთ?“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, კომიკურია, როდესაც რეზოლუციის ავტორი ჯო უილსონია. ადამიანი, რომელიც გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამოდის და არაფერს ამბობს ამერიკულ „FARA“-ზე.
