
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ორ ჰაკერულ პლატფორმას, QScan-ისა და QTRouter-ის დომენები ჩამოართვა. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს პლატფორმები აღნიშნული კიბერკამპანიის ფარგლებში გამოიყენებოდა.
სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაკერების სამიზნეებს შორის იყვნენ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები (NIH), ასევე ოთხი კომპანია აშშ-სა და სამხრეთ კორეაში.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საელჩო იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში მოყვანილ კონკრეტულ დეტალებს არ იცნობს, თუმცა „ჩინეთის მთავრობა მტკიცედ ეწინააღმდეგება და კანონმდებლობის შესაბამისად ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას“.
მისივე თქმით, აშშ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩინეთის „შევიწროებისა და დისკრედიტაციისთვის“ იყენებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაკერულ პლატფორმებს ჩინეთში, ნანკინში დაფუძნებული კომპანია Nanjing Xinjiuwei Network Technology Company მართავდა. უწყების ცნობით, კომპანიის კლიენტებს შორის იყვნენ ჩინეთის სამოქალაქო დაზვერვის უწყება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო - და ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია.
იმედი
წყარო: imedinews.ge