
აშშ-ში FARA-ს კანონს ამკაცრებენ
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გავლენის შეზღუდვასა და მათი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, სახელწოდებით PAID OFF Act, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა, სენატორ ჯონ კორნინთან და სხვა „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კოლეგებთან ერთად წარადგინა. დოკუმენტი მიზნად ისახავს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ მოქმედ კანონში (FARA) არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც, ავტორების შეფასებით, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს აშშ-ში რეგისტრაციის გარეშე ლობისტური საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს.
„წლების განმავლობაში შეერთებული შტატების მთავარმა მოწინააღმდეგეებმა ამერიკული ლობირების კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ისარგებლეს, რათა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე გავლენა მოეხდინათ და საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნები გაეტარებინათ. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს აღმოფხვრის და მავნე უცხოური ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
სენატორ ჯონ კორნინის თქმით, ამერიკის პოლიტიკა არ უნდა ყალიბდებოდეს იმ ქვეყნების გავლენით, რომლებიც აშშ-ის ინტერესების შელახვას ცდილობენ.
„ჩინეთისა და რუსეთის მსგავსი სახელმწიფოების მცდელობების გამჟღავნებით, ეს კანონმდებლობა აშშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უკეთ დაიცავს“, – აღნიშნა მან.
კანონპროექტის მხარდამჭერმა „დემოკრატმა“ სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა განაცხადა, რომ როდესაც უცხო ქვეყნები კონგრესზე გავლენის მოსახდენად სამართლებრივ ხარვეზებს იყენებენ, ეს ამერიკულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
რესპუბლიკელი სენატორის, ტომ ტილისის განცხადებით, ჩინეთსა და რუსეთს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ფარულად მოახდინონ გავლენა ამერიკის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე.
ჩაკ გრასლის თქმით, ამერიკულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ცდილობს თუ არა რომელიმე უცხო სახელმწიფო აშშ-ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას.

