
აზერბაიჯანი CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტომ (MEDIA) CNN-ი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, თითქოს ისრაელმა ირანთან ომის დროს აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენა. სააგენტომ რეპორტაჟი შეაფასა როგორც აზერბაიჯანისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური პროვოკაცია.
განცხადებაში MEDIA-მ აღნიშნა, რომ CNN-მა 5 ივნისს გამოაქვეყნა ბრალდებები საკუთარ „წყაროებზე“ დაყრდნობით, სადაც ამტკიცებდა, რომ კონფლიქტის დროს ისრაელმა აზერბაიჯანის ტერიტორიით ისარგებლა. სააგენტომ ამ ანგარიშს „აშკარა ყალბი ინფორმაცია“ უწოდა.
„მსოფლიოში ცნობილი ტრანსნაციონალური მედიაკომპანიის მიერ ყოველგვარ ფაქტებზე მითითების გარეშე აშკარა ყალბი ინფორმაციის გავრცელება მიჩნეულია მიზანმიმართულ და უხეშ ინფორმაციულ მანიპულაციად“, - აცხადებს MEDIA.
სააგენტოს ცნობით, CNN-ის რეპორტაჟმა დაარღვია პროფესიული ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები. MEDIA აცხადებს, რომ ამერიკული მაუწყებელი „ჰიბრიდული ომის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად“ იქცა, მისმა რეპორტაჟმა კი შესაძლოა აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაძაბულობის გაზრდას შეუწყოს ხელი.
სააგენტო ამტკიცებს, რომ პუბლიკაციის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე დაბნეულობის შექმნა, რეგიონული სტაბილურობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შერყევა და რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია იყო.
MEDIA-მ ასევე გაიმეორა აზერბაიჯანის პოზიცია იმის შესახებ, რომ მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ არასდროს გამოყენებულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს უმაღლეს დონეზე ეს არაერთხელ განუცხადებიათ.
„მოვითხოვთ CNN-ისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას ეთიკისა და ჟურნალისტური პროფესიონალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებით, უარყოს აღნიშნული ცნობა და ბოდიში მოუხადოს აზერბაიჯანს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge