
BBC: სამხრეთი კორეა უკრაინას „დამატებითი ზომებით“ ემუქრება, თუ კიევი ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს არ მოიხდის
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინა გააფრთხილა, რომ სეულმა შესაძლოა „დამატებითი ზომები“ მიიღოს, თუ კიევი საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ინფორმაცია გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაავრცელა, რასაც სეულის უკმაყოფილება მოჰყვა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ორი სამხედრო ტყვის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს მომხდარს „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ კიევი ვითარების მოგვარებაზე მუშაობს.
ლი ჩჟე მენმა ეს შეფასება უარყო და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საკითხი „კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას“ ეხება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ კვირას სწორედ უკრაინამ მოითხოვა, რომ ორი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩენილიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჩრდილოკორეელი სამხედროების ოჯახების დაცვა დასახელდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ კიევს სურდა თავიდან აერიდებინა კრიტიკა იმის გამო, რომ მან უარი თქვა ამ სამხედროების უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვლის შესაძლებლობაზე.
ზელენსკის ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის გადაყვანის კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
ზელენსკის განცხადების შემდეგ ლი ჩჟე მენი საკუთარ ქვეყანაში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. სამხრეთ კორეის ოპოზიციამ პრეზიდენტი ფხენიანის დასაკმაყოფილებლად სამხედროების გადაყვანის დამალვაში დაადანაშაულა.
ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმ ათასობით ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. მათ ადგილობრივ მედიასთან ადრე განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეაში გაგზავნა სურდათ.
ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ იმედოვნებს, საკითხი „უახლოეს მომავალში“ მოგვარდება.
„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის სამხრეთი კორეა მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ დინამიკის შენარჩუნებას, თანამშრომლობის გაგრძელებას და კონკრეტული შედეგების მიღებას, რომელსაც ერთად ნამდვილად ვაღწევთ“, - განაცხადა სიბიგამ.
ლი ჩჟე მენმა საპასუხოდ კიევი „კორეის ნახევარკუნძულზე ომის გადატანის მცდელობაში“ დაადანაშაულა.
„დიდ წუხილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ“, - დაწერა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა X-ზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge