
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს, უახლოეს პერიოდში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის [Ukraine Facility] ფარგლებში თითქმის 8 მილიარდი ევრო მიიღოს. აქედან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო 2026 წელს უკრაინის მხარდაჭერის სესხისთვის [Ukraine Support Loan] გამოყოფილი რესურსებიდან იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ამ მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე დიდი ერთჯერადი ფინანსური გადარიცხვა.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ 20-ზე მეტი სამიზნე ეტაპის შესრულება. ეს ეტაპები სხვადასხვა საკვანძო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, მათ შორის:
სასამართლო სისტემას; კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; ფინანსურ ბაზრებს; საჯარო აქტივების მართვას; ადამიანურ კაპიტალს; ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას; დეცენტრალიზაციასა და რეგიონულ პოლიტიკას; ენერგეტიკას; აგროსასურსათო სექტორს; ციფრულ ტრანსფორმაციას; გარემოს დაცვას.
უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი [Ukraine Facility] 2024 წლის 1 მარტს შეიქმნა და 2027 წლამდე უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტებსა და სესხებს ითვალისწინებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge