
Bloomberg: აშშ-სა და ირანის ურთიერთდარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა
აშშ-ის მიერ ირანზე ზედიზედ მეორე დღის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების გამო ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გემების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ დერეფანში მოძრაობა ძირითადად ირანის მიერ დამტკიცებულ მარშრუტზე, სრუტის ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს ფიქსირდებოდა, მაშინ როდესაც აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ომანის საზღვაო დერეფანი თითქმის ცარიელი იყო.
დიდი გემებიდან ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ერთი, აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი სუპერტანკერი, რომელიც სპარსეთის ყურიდან გამოდიოდა, და ირანის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო ხომალდი დაფიქსირდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი ხომალდი სრუტეს ტრანსპონდერების გამორთული რეჟიმით კვეთდეს.
სრუტეში გემების მოძრაობის მკვეთრი შემცირება მოჰყვა ირანის მიერ კომერციულ ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რასაც აშშ-მა საპასუხო დარტყმებით უპასუხა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. ოთხშაბათს ჰორმუზის სრუტე ორივე მიმართულებით მხოლოდ 14-მა ტვირთმზიდმა გადაკვეთა, რაც ივნისის შუა რიცხვებში მიღწეული დროებითი შეთანხმების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, წერს სააგენტო.
ეს ბოლო კვირების ფონზე მკვეთრი ცვლილებაა. ანალიტიკური პლატფორმა Kpler-ის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ დროებით შეთანხმდნენ, სამი კვირის განმავლობაში სასაქონლო ტვირთის გადამზიდავი გემების საშუალო დღიური რაოდენობა 34 იყო, ხოლო პიკს - 59 გემს - 24 ივნისს მიაღწია. შედარებისთვის, საომარი მოქმედებების პერიოდში ეს მაჩვენებელი დღეებში 20-ზე ნაკლები იყო.
Bloomberg-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდავი ტანკერების მოძრაობა კვლავ ფაქტობრივად შეჩერებულია, ბოლო პერიოდში ორი ცარიელი LNG-ტანკერი ომანის ყურეში შევიდა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელისკენ მიემართება.
