
Bloomberg: თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის ზავის საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებენ
თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის ზავის საკითხზე ახალი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. ინიციატივის მიზანია მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად დიპლომატიური ძალისხმევის გაერთიანება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში სურსათის ფასები იზრდება, იუწყება Bloomberg-ი.
მოლაპარაკებები ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. Bloomberg-ს ამის შესახებ მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა. მისი თქმით, მედიატორების როლს შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის“ წარმომადგენლები შეასრულებენ.
ინიციატივა პირველად სექტემბერში გაჟღერდა და მას სხვა მსხვილი სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. მისი მიზანია, 2022 წელს შავი ზღვით მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად მიღწეული შეთანხმების მსგავსი მექანიზმის შექმნა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული შეთანხმება ერთი წლის შემდეგ ჩაიშალა, ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი მოლაპარაკებების კოორდინირება ვერ შეძლეს.
მოლაპარაკებები იმ ფონზე აქტიურდება, როდესაც რუსეთი და უკრაინა, მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის მეოთხედზე მეტის მომწოდებლები, შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებენ. ამან აგვისტოში ხორბლის ფასის ბოლო სამი წლის მაქსიმუმამდე ზრდას შეუწყო ხელი.
პორტებზე თავდასხმები სურსათის მიწოდების კუთხით შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს. ამას ემატება სხვა რეგიონებში მოსავლისთვის არასახარბიელო ამინდი.
თურქეთისა და გაეროს ჩართულობას მოლაპარაკებების პროცესისთვის დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მათ შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი 2022 წლის შეთანხმების მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის, სასუქისა და სურსათის უსაფრთხო გადაზიდვა ხორციელდებოდა.
ეს შეთანხმება ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც შეზღუდული ხასიათის ზავმა გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავა, წერს სააგენტო.
დიპლომატიური ინიციატივის დასაწყებად სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დახურული შეხვედრა გაიმართა. მას თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად აშშ-ის, ევროპის, ინდოეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ეგვიპტე მარცვლეულის მიწოდების შეფერხებამ განსაკუთრებით დააზარალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge