
Bloomberg: ზელენსკის განსაკუთრებით აღიზიანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ორგანიზაცია კიევისთვის სესხების გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აღიზიანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ორგანიზაცია კიევისთვის სესხების გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, პრეზიდენტის უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად იქცა უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანდრიი პიშნის კარგი ურთიერთობა ვაშინგტონში დაფუძნებულ საფინანსო ორგანიზაციასთან.
წყაროების ინფორმაციით, ზელენსკი ამ ეტაპზე პიშნის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს. ამასთან, პრეზიდენტს არ ჰყავს მისი შემცვლელის აშკარა კანდიდატურა. პიშნი უკრაინის ეროვნული ბანკის სათავეში რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა და მისი უფლებამოსილების ვადა 2029 წელს იწურება.
„სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა თავისი ყველა ძირითადი ფუნქციის შესრულების ეფექტიანობა აჩვენა - უზრუნველყო ფასების სტაბილურობა, შეინარჩუნა სავალუტო ბაზრის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის მიმართ მაღალი ნდობა, დაიცვა ფინანსური სტაბილურობა და უზრუნველყო საბანკო სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება“, - განაცხადეს უკრაინის ეროვნულ ბანკში.
ამასთან, ზელენსკისთან დაახლოებული რამდენიმე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე მიიჩნევს, რომ პიშნის ხელმძღვანელობის პირობებში ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის დასახმარებლად საკმარისი ნაბიჯები არ გადადგა, მათ შორის ზედმეტად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გამო.
როგორც Bloomberg-ი წერს, ზელენსკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ურთიერთობაში დაძაბულობამ გასულ ზამთარს იმატა, მას შემდეგ, რაც ფონდმა უკრაინისთვის 8,1 მილიარდი დოლარის საკრედიტო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა უკრაინის მთავრობისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულებას ითვალისწინებდა, მათ შორის გადასახადების გაზრდას, რასაც უკრაინელი დეპუტატებისა და მოსახლეობის ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
წყაროების ცნობით, ზელენსკი უკმაყოფილო იყო ევროკავშირის შემდეგ უკრაინის მეორე უმსხვილესი დონორის მოთხოვნებთან დაკავშირებით მთავრობის დათმობებით და პასუხისმგებლობა რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ფინანსთა მინისტრ სერჰი მარჩენკოსა და ყოფილ ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკას დააკისრა. კაჩკა გასულ თვეში მთავრობის შემადგენლობის ცვლილებისას თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გარკვეული მოთხოვნების შესრულება გადადო, თუმცა ივნისში პროგრამის მორიგი შეფასებისას კვლავ ხაზი გაუსვა უკრაინის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვის აუცილებლობას.
წყაროების ინფორმაციით, ზელენსკი ასევე უკმაყოფილოა პიშნის საჯარო აქტიურობით და მიიჩნევს, რომ მისი ქცევა უფრო პოლიტიკოსს შეეფერება, ვიდრე ცენტრალური ბანკის ტექნოკრატ ხელმძღვანელს, - წერს სააგენტო.
იმედი
წყარო: imedinews.ge