
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები დეტალურად გააცნო. სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სტრატეგიული დოკუმენტი საზოგადოებას მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა და მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა, გაგა ცალუღელაშვილმა, გააცნო.
მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების გრძელვადიან ხედვას, რომელიც უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.
სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.
შეხვედრას ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge