
ბულგარეთში, დუნაიში წყლის დონის დაცემის შემდეგ, მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს
ბულგარეთში, დუნაის ნაპირზე, მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც წყლის დონის მკვეთრი დაწევის შემდეგ გამოჩნდა. ძვლები სოფელ რიახოვოს მცხოვრებმა შემთხვევით შენიშნა, რის შემდეგაც ისინი რეგიონული ისტორიული მუზეუმის სპეციალისტებს გადასცეს.
მუზეუმის დირექტორის, ნიკოლაი ნენოვის თქმით, ნაპოვნ ნაშთებს შორის არის ქვედა ყბის ძვალი, ეშვის ფრაგმენტები, ბეჭის ნაწილი და ბარძაყის ძვალი.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველა ნაპოვნი ფრაგმენტი ერთ ახალგაზრდა მამონტს ეკუთვნოდა. ძვლების მუქი ელფერი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ჭაობიან გარემოში იმყოფებოდნენ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი აღმოჩენები იშვიათია, ვინაიდან ნაშთები კარგად არის შემონახული და ერთ ადგილზეა თავმოყრილი.
მამონტები გამყინვარების ხანაში პირველყოფილ ადამიანებთან ერთად ბინადრობდნენ. ადამიანები ამ ცხოველებზე ნადირობდნენ - ხორცს საკვებად იყენებდნენ, ძვლებსა და ეშვებს კი სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად. სახეობა დაახლოებით 4 ათასი წლის წინ გაქრა, თუმცა მისი ნაშთების პოვნა სხვადასხვა რეგიონში კვლავ გრძელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge