
CBS News: აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ირანთან ომის ფონზე მაღალტექნოლოგიური რაკეტებისა და ზუსტი შეიარაღების მარაგები სწრაფად იწურება
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენების სწრაფი ტემპი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მზარდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ირანთან ომი კვლავ ინტენსიური ხდება. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ სამხედრო და სადაზვერვო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, ვითარება ასევე აჩენს უფრო ფართო კითხვებს იმის შესახებ, რამდენად მზად არის შეერთებული შტატები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის.
ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტებისა და შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგების შემცირება სერიოზულ გამოწვევად იქცა სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ცდილობს, ერთი მხრივ, ირანთან მიმდინარე ომის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნოს მზადყოფნა სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეების, მათ შორის ჩინეთის, შეკავებისთვის.
CBS News-თან ანონიმურობის პირობით საუბრისას ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია იმავე ტემპით განაგრძოს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის გამოყენება, როგორც ეს ირანის წინააღმდეგ კამპანიის საწყის ეტაპზე ხდებოდა.
მათი შეფასებით, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო ბაზას არ აქვს შესაძლებლობა რაკეტები საკმარისად სწრაფად აწარმოოს, რათა შეავსოს უკვე გამოყენებული ან აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის (CENTCOM) გადაცემული საბრძოლო მასალის მარაგები. შედეგად, არსებული მარაგები სამხედრო ოპერაციების გაგრძელების ფონზე სულ უფრო დიდი დატვირთვის ქვეშ ექცევა.
საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტები განსაკუთრებით ინტენსიურად გამოიყენება სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტებისა და ინტერესების დასაცავად, რადგან რეგიონში განთავსებული ამერიკული ძალები ირანის დრონებისა და რაკეტების სამიზნე არიან.
CBS News-ის ცნობით, აშშ-ის ერთ-ერთმა პარტნიორმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება აუცილებელია, განსაკუთრებით ირანის ინტენსიური იერიშების ფონზე, რომლებიც ქუვეითსა და ბაჰრეინზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ. ქუვეითმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ირანის დარტყმებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის ელექტროენერგიისა და ზღვის წყლის გამწმენდი სადგურები.
იმედი
წყარო: imedinews.ge