
„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა პარტიიდან „რესპუბლიკელები“, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France insoumise) აკრძალვა სურს. რეტაიოს მტკიცებით, აღნიშნული პარტია ლიცეუმების ბლოკადის ფონზე „ქვეყანაში ამბოხის ორგანიზებას ცდილობს“.
„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას. ის, რაც დღეს ლიცეუმებთან ხდება, არის იმის გენერალური რეპეტიცია, რაც 2027 წელს შეიძლება მოხდეს, თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბრუნო რეტაიომ.
მან დასძინა, რომ დღეს დგას LFI-ის აკრძალვის საკითხი: „ეს სამართლებრივად ძალიან რთულია, თუმცა ამ თემას საჯარო დებატებში წამოვწევ“.
რეტაიომ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყოს, თავის უწყებას ამ შემთხვევის იურიდიულად შესწავლას დაავალებდა.
პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ ხელისუფლება და ოპონენტები საპროტესტო მოძრაობის წახალისებასა და სათავისოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. პროტესტი, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, ვანდალიზმისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს.
ოთხშაბათს პოლიციამ 625 ადამიანი დააკავა, ხოლო შეტაკებებისას 83 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა.
ეროვნული განათლების სამინისტროს მონაცემებით, ბლოკადების დაწყებიდან დღემდე დაშავდა 119 მოსწავლე და პერსონალის წევრი.
იმედი
წყარო: imedinews.ge