
დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ სოციალურ ქსელებსა და ტელესტუდიებში ყოველ ცალკეულ კრიმინალურ ეპიზოდს აგემოვნებს და ქართულ ეკონომიკას „ასაფლავებს“, თავად ეკონომიკა მშვიდად ზრდის ექსპორტს, იზიდავს ტურისტებს, იძენს ახალ ფინანსურ ფუნქციებს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ექსპორტი ორნიშნა ტემპით იზრდება, ტურისტების რაოდენობა ისტორიულ რეკორდებს ამყარებს, თბილისი რეგიონული ფინანსური ცენტრის ფუნქციების განვითარებისთვის ემზადება და სხვა.
დავით ქართველიშვილი წერს, რომ ვიდრე ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი ძალები საქართველოს ძირგამომთხრელ კამპანიას ეწევა, ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას, რაზეც მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც.
„ძალიანაც რომ მოინდომო, ქვეყანაზე ნეგატივის ტირაჟირებით დაკავდე - ხელში შეგრჩება ან „სვანეთის ქეისი", ან „თელავის ეპიზოდი". გაცილებით ხელმისაწვდომია პოზიტიური „ნიუსების" დინამიკა, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებული ცნობიერებისთვის გაუსაძლისად გამაღიზიანებელია. მაგრამ, კლინიკაშიც კი, სწორება არა პროზექტურის, არამედ საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებულების გამოწერაზე უნდა კეთდებოდეს. ნორმალურების რაოდენობა ქვეყანაში ჯერ კიდევ დამაიმედებელია, ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელოთ.
საქართველო, ამასობაში, ვითარდება და ერთდროულად ზრდის ექსპორტს, ევროპულ ტურიზმს, ფინანსურ ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფნის ციფრულ კავშირს და ამას სრულიად გაზომვადი შედეგებით აკეთებს. 2026 წლის ივნისში ქართული ექსპორტი 20,4%-ით გაიზარდა და 770,8 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ადგილობრივი (ანუ რეექსპორტის გარეშე) განხორციელებული ექსპორტი ერთბაშად 50,5%-ით - 469 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იანვარ-ივნისში ექსპორტის საერთო მოცულობამ 3,876 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ეს უკვე აღარ არის სტატისტიკური „შემთხვევითობა" - ეს არის ტენდენცია და ნიშანი იმისა, რომ ქართული ეკონომიკა ეტაპობრივად მხოლოდ სავაჭრო გადამკვეთი წერტილის ფუნქციას სცდება და სულ უფრო მეტად მწარმოებელ და ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკად ყალიბდება.

