
ეკატერინე ხუციშვილმა „სამხედრო საქმის“ ტრენინგკურსის მონაწილეები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილესთან, პოლკოვნიკ მალხაზ დუმბაძესთან ერთად, „სამხედრო საქმის“ ტრენინგკურსის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „სამხედრო საქმე“ – ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ბაზაზე გაიმართა.
სერტიფიკატები გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ „სამხედრო საქმის“ საგნის მასწავლებლებად შერჩეულ 58 სამხედრო მოსამსახურეს – თავდაცვის ძალების რიგებიდან თადარიგში დათხოვნილ ოფიცრებსა და მოქმედ სამხედროებს.
70-საათიანი ტრენინგკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ტრენინგების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა თანამედროვე პედაგოგიკური მიდგომების შესახებ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს
სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს:
თანამედროვე მიდგომები სწავლებაში;
პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
ეფექტური კომუნიკაცია და მოსწავლეთა მოტივაცია;
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში;
ინკლუზიური განათლების პრინციპები.
ტრენინგის მონაწილეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების ხელმძღვანელობით გაიარეს სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ „სამხედრო საქმის“ სახელმძღვანელოს თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.
საგანი „სამხედრო საქმე“ 2022–2023 სასწავლო წლიდან თავდაპირველად საპილოტე პროექტის ფარგლებში დაინერგა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერებას.
2025–2026 სასწავლო წელს „სამხედრო საქმეს“ ქვეყნის მასშტაბით 138 საჯარო სკოლაში 7 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. ახლად სერტიფიცირებული მასწავლებლების ჩართვით, 2026–2027 სასწავლო წლიდან პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საგანი ქვეყნის მასშტაბით უკვე 200-მდე საჯარო სკოლაში ისწავლება.
იმედი
წყარო: imedinews.ge