
El Pais: ევროპა წითელ ხაზს კვეთს თალიბებთან დიალოგით
თალიბები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ავღანეთში დაამყარეს გენდერული აპარტეიდის სისტემა, რომელმაც მილიონობით ქალისა და გოგოს ცხოვრება გადააქცია ისეთ ციხედ, რომელსაც თვალით ხილული გისოსები არ აქვს, მაგრამ რომელიც ღრმად რეალურია, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „ევროპა წითელ ხაზს კვეთს თალიბებთან დიალოგით“.
„ბრიუსელში „თალიბანის“ დელეგაციის მიღების ბოლო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოდგენილია როგორც „ტექნიკური“ შეხვედრა, ზოგიერთისთვის ევროპაში შეიძლება პრაქტიკულ ან დიპლომატიურ ჟესტად ჩანდეს. თუმცა ჩემთვის, როგორც ავღანელ ქალსა და ჟურნალისტისთვის, მას ბევრად უფრო ღრმა და შემაშფოთებელი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხვედრა: ეს არის იმ საშიში ნორმალიზების ასახვა, ვინც ავღანელ ქალებს ყველაზე საბაზისო უფლებები წაართვა“, - წერს ხადიჯა ამინი, ავღანელი ჟურნალისტი, რომელიც 2021 წლიდან ესპანეთში ლტოლვილად იმყოფება.
„კითხვა გარდაუვალია: როგორ შეუძლია ევროკავშირს, რომელიც თავს ადამიანის უფლებებისა და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის დამცველად მიიჩნევს, მოაწყოს შეხვედრა „თალიბანის“ წარმომადგენლებთან? როგორ შეუძლია ბელგიას გადაწყვიტოს ვიზების გაცემა იმ ჯგუფის წევრებისთვის, რომელიც სისტემატური ადამიანის უფლებების დარღვევებზეა პასუხისმგებელი? რა მესიჯს იღებენ ავღანელი ქალები, როდესაც ხედავენ, რომ ისინი, ვინც ისინი უნივერსიტეტებიდან, სამუშაო ადგილებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააძევეს, ევროპის გულში იღებენ?“ - აღნიშნავს იგი.
დღეს ავღანეთში 20 მილიონზე მეტი ქალი და გოგონა ცხოვრობს ისეთი სისტემის ქვეშ, რომელიც მათ გამორიცხავს განათლებისგან, დასაქმებისგან, პოლიტიკური მონაწილეობისა და სოციალური ცხოვრებისგან. ისინი ვერ იღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებებს საკუთარ მომავალზე. ვერ სწავლობენ, ვერ მუშაობენ და ვერ ცხოვრობენ იმ ღირსებით, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს.
„პრობლემა მხოლოდ შეხვედრის შინაარსში კი არ არის, არამედ იმ გზავნილში, რომელსაც ის გადასცემს. „თალიბანთან“ ნებისმიერი შეხვედრა, რა სახელითაც არ უნდა გაიმართოს - ტექნიკური, არაფორმალური, ჰუმანიტარული თუ მიგრაციული - შეიძლება იქცეს ნაბიჯად მათი საერთაშორისო ლეგიტიმაციისკენ. ეს ლეგიტიმაცია კი გაიცემა მაშინ, როდესაც ავღანელი ქალების მდგომარეობაში არანაირი რეალური ცვლილება არ მომხდარა. გოგონები კვლავ სკოლებს მიღმა არიან. ახალგაზრდა ქალები კვლავ უნივერსიტეტებს მიღმა რჩებიან. ქალები კვლავ განდევნილნი არიან სამსახურიდან, საჯარო სივრცეებიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან“, - წერს ჟურნალისტი.
იმედი
წყარო: imedinews.ge