
Euronews: საპენსიო და საგადასახადო სისტემის რეფორმები ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მთავარ სადავო საკითხად იქცა
Euronews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საპენსიო და საგადასახადო სისტემის რეფორმები ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მთავარ სადავო საკითხად იქცა იმ ტექნიკურ მოლაპარაკებებში, რომლებიც უნგრეთისთვის ევროკავშირის მილიარდობით ევროს ოდენობის დაფინანსების განბლოკვას ისახავს მიზნად.
ევროკომისიის რამდენიმე ოფიციალური პირის განცხადებით, უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი, ორთავე რეფორმას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის ბიუჯეტზე დამატებით ზეწოლას მოახდენენ.
მადიარი და მისი კაბინეტი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ 17 მილიარდი ევროს განბლოკვის თაობაზე, რომლებიც ვიქტორ ორბანის წინა ადმინისტრაციის დროს, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო გაიყინა.
ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული შუალედური ეტაპების გამარტივება, თუმცა ბოლო ვადის (31 აგვისტო) ნებისმიერ გაგრძელებას გამორიცხავენ.
მადიარის მთავრობის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი დრო მასშტაბური სექტორული რეფორმების გასატარებლად.
ეს საკითხი პოლიტიკურად სენსიტიურია მადიარისთვის: საპენსიო რეფორმა მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი პირობა იყო, რადგან მისი პარტია „ტისა“ მოსახლეობას მინიმალური და საშუალოზე დაბალი პენსიების გაზრდას დაჰპირდა.
უნგრეთის მიერ დამტკიცებული აღდგენის გეგმა მოიცავს ზომებს საპენსიო სისტემის უფრო მდგრადობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის საგადასახადო კოდექსის გამარტივებისკენ მიმართულ ძალისხმევასთან ერთად.
მას შემდეგ მადიარის გუნდმა ბრიუსელს განუცხადა, რომ უნგრეთი პრინციპულად კვლავ ერთგული რჩება საპენსიო რეფორმისა, თუმცა ქვეყნის სუსტი ფისკალური მდგომარეობა და დარჩენილი მცირე დრო მის განხორციელებას დადგენილ ვადამდე პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
