
ევროკომისარი აჯა ლაბიბი: უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე
ევროკომისარმა კრიზისების მართვისა და მზადყოფნის საკითხებში, აჯა ლაბიბიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე.
„ეს მიუღებელია“, - აღნიშნა ევროკომისარმა პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
ლაბიბის თქმით, ჰუმანიტარულმა ტვირთმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს საჭიროების მქონე ადამიანებამდე, ხალხს კი ქალაქის დატოვების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ყველა შესაძლო რესურსს იყენებს, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად.
„ევროკავშირის ჰუმანიტარული პარტნიორები მზად არიან ტვირთის მისაწოდებლად, თუმცა ამისთვის ადგილზე უსაფრთხო, სტაბილური და ეფექტიანი ჰუმანიტარული დერეფანია საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისარმა რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენა და აღნიშნა, რომ როგორც საოკუპაციო ძალას, მას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით მკაფიო პასუხისმგებლობა ეკისრება - დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას.
ქალაქი ალეშკი 2022 წლიდან რუსული ძალების კონტროლქვეშაა. უკრაინული მხარის მონაცემებით, ქალაქში დღემდე 2 000-მდე ადამიანი რჩება, მათ შორის 50-მდე ბავშვია. ბოლო თვეებში იქ კატასტროფულად გაუარესდა ვითარება საკვებთან, წყალთან, ელექტროენერგიასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.
ქალაქში სურსათის შეტანა მაისის ბოლოს სრულად შეწყდა. სექტემბრის ბოლოს უკრაინელმა სამხედროებმა ალეშკიში პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება მძიმე დრონების მეშვეობით დაიწყეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის ფარგლებში, დრონებით 100-მდე ლოკაციაზე საერთო ჯამში 4 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანეს ადგილობრივებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge