
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილა.
საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით ათვისებულია 1 მილიარდ 820 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელი 96.4%-ია.
პროფესიული განათლების ნაწილში ათვისების მაჩვენებელმა 99.5% შეადგინა და 147 მილიონი ლარია ათვისებული.
უმაღლესი განათლების მიმართულებით 181 მილიონი ლარია ათვისებული, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს აღემატება და 107.4%-ს შეადგენს.
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის 85 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, ხოლო ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია.
ინკლუზიური განათლების მიმართულებით ათვისების მაჩვენებელი 99.7%-ს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კი 298 მილიონი ლარია ათვისებული.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.
გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა საგარეო სექტორზე. მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.0%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
