
გარემოს ეროვნული სააგენტო: კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს
2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა, სადაც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც ქ. თბილისის მასშტაბით ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 1 საათში (20.07.23:00-21.07.00:00) ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი 54.5 მმ დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება.
„სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ შეადგინა: ტაბახმელის სადგურზე 25.07 მმ, ვაშლიჯვარის სადგურზე 55.8 მმ, ბაგების სადგურზე - 75.2 მმ, სოხუმის უნივერსიტეტის სადგურზე - 69.1 მმ, მუხათწყაროს სადგურზე - 87.3 მმ, მცხეთის სადგურზე - 1.5 მმ, ხოლო, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სადგურზე 95.1 მმ შეადგინა.
აღნიშნული მონაცემებით, ნალექი ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა, რაც კონვექტიური პროცესებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა.
დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის მნიშვნელოვანი გათბობის, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალი შემცველობისა და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრის ფონზე ატმოსფეროს ძლიერი არამდგრადობა შეიქმნა. ასეთ პირობებში სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები, რომლებმაც მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური წვიმა გამოიწვია.
