
გია მურღულია IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს
იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიციის შედეგი განპირობებულია იმით, რომ ისინი მუდმივად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.
“ეს [IRI-ს კვლევის შედეგები] ძალიან საინტერესო ამბავი წავიკითხეთ და ვატყობ, რომ ბევრი დადგა ცუდ ხასიათზე. ბევრი ადამიანი, ვინც პოლიტიკური ოპონენტია, მუდმივად აღიარებდა ამ გამოკითხვებს და მუდმივად მოჰქონდა როგორც ნიმუში უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების. კი ბატონო, გავყვეთ ამ გზას, წერია 36% და 5%. 5%, მგონი, ძალიან ბევრიც კი არის იმისთვის, რასაც ვხედავთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მუდმივად იბრძვიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს ძალიან თვალსაჩინოა. ეს ხომ პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს არ ენდობა ქართველი საზოგადოება. წლებმა დაადასტურა, რომ ეს ადამიანები არ მუშაობენ საქართველოზე, ისინი მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს მოსაზრება კი არ არის, ეს ფაქტია“, - განაცხადა გია მურღულიამ.
მურღულიას მიაჩნია, რომ 2028 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის არის განწირული.
„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ განწირულია წარმატებისთვის. არ ვამბობ, რომ ეს კარგი ამბავია. „ქართული ოცნება“ თვითონ ამბობს, რომ უკეთესი ოპოზიციის ღირსია საქართველო. „ქართულ ოცნებას“ აქვს შეცდომები, სერიოზული გადაცდომები, მაგრამ ქართველი ხალხი მაინც მხარს უჭრს, რადგან ხედავს, რომ ეს ადამიანები, მიუხედავად გარკვეული შეცდომებისა, სწორი გზით მიდიან. სუვერენიტეტი მტკიცდება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და ვითარდება ზოგჯერ გასაოცარი ტემპებით. მართლა უცნაური ამბავია, ასე აჯანჯღარო ეს ქვეყანა, გადატრიალების რამდენიმე მცდელობა გქონდეს და მაინც რომ წინ მიდის ქვეყანა, მავანთათვის ეს ნერვების მომშლელია“, - განაცხადა გია მურღულიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge