
გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„1992 წლის 14 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვინც თავი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შესწირა. მათ მოგვცეს იმის მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ღირსეულად ვემსახურებოდეთ ქვეყანას.
ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით შევძლოთ.
ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე ეს იდეა და ეს მისია, რომლისთვისაც ამ ხალხმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
იმედი
წყარო: imedinews.ge